"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ბიზნესმენ ლეონიდ ეზიკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა "ნეოსტარმა" და "ლეგიმ" ხელისუფლებისგან მასშტაბური მხარდაჭერა რამდენჯერმე მიიღეს.
ორგანიზაციის ცნობით: „ნეოსტარი” სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანიაა. ის და მისი შვილობილი კომპანიები უკონკურენტო პირობებში სახელმწიფო კონტრაქტებს იღებენ. „ლეგისთან” და „ჯორჯიან სტოუნთან” ერთად, ქობულეთის მუნიციპალურ შესყიდვებში „ნეოსტართან” დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია, შპს „ლეგიონი” გამოჩნდა.
„ნეოსტარს” შვილობილ კომპანიებთან ერთად 2011 წლიდან დღემდე 161,369 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები (მათ შორის 129,852 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად) და 53,661,137 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები აქვს მიღებული.
„ნეოსტარი” - ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კომპანია
ბიზნესმენ ლეონიდ ეზიკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა „ნეოსტარმა” და „ლეგიმ” ხელისუფლებისგან მასშტაბური მხარდაჭერა რამდენჯერმე მიიღეს:
პირველი ქონება, რომელიც შპს “ლეგიმ” აჭარის მთავრობისგან 1 ლარად მიიღო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 32,382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო. ეს გარიგება 2011 წლის 18 ივლისს შედგა და კომპანიამ ვალდებულებად აიღო ბეტონის ნაკეთობათა კქარხნის მშენებლობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
2017 წლის 24 იანვარს, 88-ე განკარგულებით, უკვე საქართველოს მთავრობამ მიყიდა 1 ლარად „ნეოსტარს” ლილოს დასახლებაში 97,470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეხსნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და პროექტში 3,508,920 ლარის ინვესტირება მოეხდინა. იმავე წლის სექტემბერში კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, აღებული სესხის დასაფარად კი პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.
2020 წელს შპს “ლეგიმ” უპირობო აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მიიღო თერჯოლაში, სოფელ ნახშირღელეში, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ, 31,517 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ ლეონიდ ეზიკმა 160,000 ლარი გადაიხადა. კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორის, სერგო ლექვინაძის თქმით, „ლეგი” აქ დეკორატიული ფილების საწარმოს ააშენებდა და მასში 6 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავდა. სერგო ლექვინაძე 2010 წელს ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა 2013 წელს დატოვა ეს პარტია და „პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას შეუერთდა.
„ჯორჯიან სტოუნის” 30 მილიონიანი ხელშეკრულებები ქობულეთის მუნიციპალიტეტთან
შპს „ლეგი” 100%-ს ფლობს კომპანია „ჯორჯიან სტოუნში”, რომლის დირექტორი ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა. “ჯორჯიან სტოუნის” ამავე მუნიციპალიტეტის ტენდერებში საეჭვო მონაწილეობის შესახებ პირველი კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2021 წლის 3 თებერვალს გამოაქვეყნა.
აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებამდე შპს „ჯორჯიან სტოუნმა” ტენდერებიდან 39,154,543 ლარი მიიღო, ხოლო გამარტივებული შესყიდვებიდან - 756,229 ლარი. მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოგებული ტენდერებიდან მიღებული ჰქონდა 24,550,616 ლარი. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კი სახელმწიფო შესყიდვებიდან დამატებით 11,677,225 ლარი მიიღო, მათ შორის 4,942,264 ლარი - ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან.“
ვრცლად TI-ს ანგარიში ამ ბმულზე წაიკითხეთ.